საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით სახალხო მსვლელობა შედგება რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.
მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და დასრულდება კონცერტით.
“აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.
კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი”, – აცხადებენ საპატრიარქოში.