საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ემიჯნება მეუფე იობის დღევანდელ რადიკალურ განცხადებებს დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია:
„ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.
გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.
ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს.“
დღეს დილით წმინდა სინოდის წევრი, მეუფე იობი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდა და აღდგომის ტაძარში იქადაგა. ქადაგება ძირითადად დავით გარეჯში გამწვავებულ ვითარებას ეხებოდა. რუის ურბნისის ეპისკოპოსი დღეს რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა და მეზობელ აზერბაიჯანს დაემუქრა.
მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა და სისხლისღვრაც ახსენა:
“თუკი საქმეს დაჭირდა სისხლი, პირველ რიგში ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.“ – განაცხადა მან.
მეუფე იობის კრიტიკის ობიექტი დღეს მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ყოფილა. მან უმოქმედობაში დასდო ბრალი საქართველოს მთავრობასაც. მეუფე იობი დღეს 40-წუთიან ქადაგებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას რამდენიმეჯერ დაემუქრა და შეახსენა, რომ მათი შემოსავლის მთავარი გზა -ნავთობისა და გაზის მილსადენები საქართველოზე გადის.
მღვდელმთავარს დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არ დავიწყებია, მეუფე იობმა ახსენა ყველა ის ადგილი რომელიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა დღეს ან ოკუპირებულია ან სხვა ქვეყნის ნაწილია.
მძიმე მოსასმენი და პოლიტიკური გზავნილებით სავსე ქადაგება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც ეხებოდა.
მიტროპოლიტი იობი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში და უდაბნოს მონასტერში საკუთარი ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად ჩავიდა. ქადაგების შემდეგ მან განაცხადა, რომ გარეჯში პატრიარქის კურთხევით იმყოფებოდა.