საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსის თავდაცვის მიზნით ზიარებისთვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, არასწორია.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონა ვირუსთან (ჩOVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 18:00 საათზე; მისი დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა“,-ნათქვამია განცხადებაში.