საპატრიარქო სასულიერო პირებს აფრთხილებს

საპატრიარქო საკუთარ ვებგვერდზე მცხეთა-თბილისის საეპარქიო კომისიის განცხადებას აქვეყნებს:

“ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.
ამჯერად, მცხეთა–თბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით:

ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო.

ასევე

ბ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუში ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) პოზიციის მიმართ კრიტიკას და არაკორექტულ გამონათქვამებს; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, _ „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე), რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირით.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის საეპარქიო მუდმივმოქმედ კომისიას.“– ნათქვამია განცხადებაში.