20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს (პაკანიჩი) და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის საპატრიარქოსთვის გაცნობა.

“ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს”,წერია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს, თუმცა ჯერ უცნობია სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი.
6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში მოხდა. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.















