საპატრიარქოს სრულად მოსახლეობის მხოლოდ 27,7 პროცენტი ენდობა-ასეთია ფონდ ღია საზოგადოებისა და ორგანიზაცია CRRC-ის კვლევის შედეგები. კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 24,4 პროცენტი საპატრიარქოს “ძირითადად ენდობა”, 29,9 პროცენტი “ნაწილობრივ ენდობა ან ნაწილობრივ არ ენდობა”, 6,5 პროცენტი “ძირითადად არ ენდობა”, 4,7 პროცენტი — “საერთოდ არ ენდობა”.
პატრიარქს, მოსახლეობის 66,3 პროცენტი მას “სრულად ენდობა”, 16,8 პროცენტი “ძირითადად ენდობა”, 9,4 პროცენტი “ნაწილობრივ ენდობა ან ნაწილობრივ — არა”, 1,1 პროცენტი “ძირითადად არ ენდობა”, 1,8 პროცენტი “საერთოდ არ ენდობა”.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82,5 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს. თბილისის მოსახლეობის 93,4 პროცენტი, ხოლო საქართველოს რეგიონების მოსახლეობის 78 პროცენტი მიაკუთვნებს თავს ამ რელიგიას.
მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ყველაზე მეტი აღმსარებელი სომხურ სამოციქულო ეკლესიას (მოსახლეობის 5,9 პროცენტი) და სუნიტურ ისლამს (მოსახლეობის 3,4 პროცენტი) ჰყავს.
კვლევის მიხედვით, რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მოსახლეობის 11,7 პროცენტი, ხოლო თვეში ერთხელ — 17,9 პროცენტი ესწრება. მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულების დროს, რელიგიურ მსახურებას მოსახლეობის 26,7 პროცენტი სტუმრობს.
კვლევის მეთოდოლოგია
2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის პროცესში ფორმულირებული შეკითხვების მეშვეობით პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც მანამდე უცნობი და სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9 პროცენტია.
საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA (ინთერნეშენალ აიდია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.