საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ – ირაკლი კობახიძე

შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო ნაბიჯებზე საუბრობდნენ. ირაკლი კობახიძემ ჩატარებული არჩევნები ნეგატიურად შეაფასა და მიზეზებზეც ისაუბრა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნების ცუდად ჩატარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არასამთავრობოები დაასახელა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისინი. მისი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძალიან სუსტია. კობახიძემ კონკრეტული ორგანიზაციებიც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ნეგატიურ კამპანიაში მონაწილეობდნენ და თავადვე ახდენდნენ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. ასევე ამ კამპანიის მონაწილედ დაასახელა ტელეკომპანია რუსთავი2 .