ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის კანდიდატურად დასახელებას ეხმაურება და საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, მას მხარი არ დაუჭიროს.
EMC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა.
,, „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში, რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა”,- წერია განცხადებაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ ,,ხორავას ქუჩის” საქმე, ისევე როგორც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, თემირლან მაჩალიკაშვილისა და აფგან მუხთარლის საქმეების გამოუძიებლობა ირაკლი შოთაძეს უკავშირდება.
,,გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელობას. ამავდროულად, შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში, პროკურატურის მიერ არ იქნა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეები”, – აცხადებს EMC.
ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, გახადოს სხვა კანდიდატებზე ინფორმაცია საჯარო და წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.
ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად წარადგინეს. საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.