შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი შვედეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს. მან ამის შესახებ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და “National Geographic-ის” მასალა დაურთო, სადაც სამოგზაურო ინფორმაციაა მითითებული.
“ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, საქართველო აღმაფრთოვნებლად ლამაზი ქვეყანაა, შესანიშნავი სტუმართმოყვარეობით. აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ, თუ არ ყოფილხართ, ხოლო თუ ნამყოფი ხართ – დაბრუნდეთ”, – წერს ელჩი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან რუსეთი საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებს. ტურიზმის მიმართულებით მოსალოდნელი ზარალისგან თავის დასაცავად საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის. მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.
სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს გამოჩნდა ჯგუფი სახელწოდებით “Spend Your Summer in Georgia” (“გაატარე შენი ზაფხული საქართველოში”), რომელშიც უკვე უამრავი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.