დღეს 9 მაისია, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ.
ვაკის პარკში საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება და უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში 1945 წლის 8 მაისს კარლჰორსტში გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადებას.
რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება.
1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ – 1965 წლის 26 აპრილს.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 70 0000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი კი 300 ლარს მიიღებს.