საქართველო – ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხელშეკრულებას ხელი  ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  და ინია სერუირატუმ, ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოაწერეს.

“უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს დიმლომატიური კავშირების გაძლიერებას ორივე სახელმწიფოს პროგრესული განვითარებისთვის”, — ნათქვამია ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფიჯის მოქალაქეებს მოქმედი წესით საქართველოს ელექტრონული ვიზის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, საგარეო უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზის მიღება ბრიუსელში, ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურში იყო შესაძლებელი.