“საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო”- კელი დეგნანი

„საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

“ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი და ძალიან ზუსტად განსაზღვრული. ვფიქრობ, საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია.

საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად. აშშ კვლავაც გაუმაგრებს ზურგს საქართველოს და შესაძლებელია, ჩვენ ვართ მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით ავღანეთში, სხვაგანაც და ვიცით, რომ საქართველოს აქვს უნარი და ერთგულება, რაც საჭიროა უსაფრთხოების საერთაშორისო ქმედებებში ჩართვისთვის”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი ასევე აცდადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს NDI-სა და IRI-ს აშშ-ში დიდ პატივს სცემენ და წლების განმავლობაში კონგრესის მხარდაჭერა აქვთ. 

“მათ საქმიანობას ეყრდნობიან არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ინფორმაციის დაბალანსებულ და ნეიტრალურ წყაროს. გავიმეორებ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია თავიანთი პლატფორმებისა და გზავნილების ფორმირებისთვის. ეს ინფორმაცია აჩვენებს, რა აწუხებს ქართველ ხალხს. ეს არის NDI-ს და IRI-ს საქმიანობის მიზანი. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ და ამიტომაც სცემენ მათ პატივს”, — განაცხადა დეგნანმა.