შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენა”, საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები.
როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გადაიკეტება გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა – ნაწილობრივ; მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით; აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით;