ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის, – ეს განცხადება “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ჯაფარიძის შეფასებით, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, მათი კანონიერი შემოსავლების დაყადაღებას. მისი თქმით, ქართულმა სასამართლომ უკვე მიიღო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება,ისე რომ არ გადაუმოწმებია იყო თუ არა ამის რაიმე საფუძველი ან მტკიცებულება.
„ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია. ეს ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ჩამორთმევა მოხდეს დიდ ბრიტანეთში. სასამართლოს სამწუხაროდ, იმის მაგივრად გადაემოწმებინა პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს სახსრები არის უკანონო, პირდაპირ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და ეს ყადაღა იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.