როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფედერაციამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი ყოფილიყო. 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
აღნიშნულ თემას უკავშირდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის ვიზიტი ლიეტუვაში, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელობა ოფიციალურად შეხვდა ლიეტუვის ფედერაციის პრეზიდენტს და მსოფლიო კალათბურთის გამორჩეულ ფიგურას არვიდას საბონისს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა საკუთარი კომენტარიც გააკეთა:
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის თაობაზე. განაცხადის მიღების ვადა 15 მარტამდე იყო და ამ დროისთვის ოფიციალურად დავაფიქსირეთ განაცხადი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სახელმწიფოსთან ერთად და ამ პროცესში ყველა სამთავრობო უწყება იღებდა მონაწილეობას. ჩვენ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აღგვითქვა. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი იქნა საგარანტიო წერილები ინფრასტრუქტურულ უზრუნვეყოფასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მზადყოფნის შესახებ. შესაბამისად, განაცხადი, ჩვენი მხრიდან სრულყოფილად და უნაკლოდ იქნა წარმოდგენილი.
შეძლებს თუ არა საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობას, ეს ზაფხულში გაირკვევა. 25 მაისს ჩატარდება ფიბა ევროპის პრეზიდენტის არჩევნები, ახალ პრეზიდენტთან ერთად შეიკრიბება ბორდი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს.