საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა- ზურაბიშვილი ევროსაბჭოში

ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა.

,,ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში, ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა – გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად – საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოს ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზი მუდმივად იცვლება, ხოლო გამშვები პუნქტები ხშირად დაკეტილია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

,,საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლები გაყოფილია; ხშირია მოქალაქეების გატაცება, „გამოსასყიდის“ მოთხოვნა, წამების შემთხვევები და მკვლელობებიც კი არარსებული „საზღვრის“ გადაკვეთისთვის, რომელიც ხან ეზოს, ხან – სოფელს, ხან კი – სასაფლაოებს ყოფს. ბოლო ინციდენტი ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო. იგი ადგილობრივი პაციენტის დასახმარებლად გადავიდა. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ პრინციპებს და ქმნის საფუძველს შემდგომი ესკალაციისთვის.

მინდა გამოვიყენო დღევანდელი შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელმაც დიდ ძალისხმევა ჩადო ექიმ გაფრინდაშვილის ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებაში“- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.