საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ისაუბრა.
“გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს”,თქვა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია “ზაგულბას” სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას, რის შემდეგაც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები შედგა. ამის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ზურაბიშვილმა ალიევი საქართველოში ზაფხულში დაგეგმილ ბათუმის კონფერენციაზე მოიწვია. თავის მხრივ კი, ალიევისაგან მიიღო შემოთავაზება, რომ ჩინეთში, საქართველო – აზერბაიჯანის ერთობლივი დელეგაცია გაიგზავნოს.
“ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები, კონსულტაციები. საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს”. ჩვენ წარმატებული ერთობლივი პროექტები გვაქვს. თუ ისტორიას გადავხედავთ, 90-იანი წლების ბოლოს ბაქო-სუფსის აშენება იყო დიდი მოვლენა, ამით კი შესაძლებლობა მოგვეცა, შავი და კასპიის ზღვები დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან. ამის შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აშენდა, შემდეგ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ეს ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. დღეს ეს პროექტები ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას აძლიერებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა თავის მეზობლებთან მიაღწია შეთანხმებებს და შედეგად, ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება. ყველა სფეროში ჩვენს თანამრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია. გვაქვს პოლიტიკური ნება და საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, ვიფიქრებთ ახალ პროექტებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხალხებს და სახელმწიფოს დიდი მომავალი აქვს. დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია”.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.