საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა – ბაქრაძე “როსნეფტის” მიერ “ვისოლის” შესყიდვაზე

საქართველოს ენერგო ოკუპაციის მცდელობა – ასე აფასებს ოპოზიცია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „როსნეფტი“ საქართველოში ყიდულობს ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს, ვისოლს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, აღნიშნული კომპანია არღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, რადგან „როსნეფტი“ აფხაზეთში უკვე ღიად ოპერირებს.

„თავისთავად ინვესტიცია პრობლემა არ არის, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ინვესტიცია გადაიზრდება მონოპოლიაში და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მონოპოლიას რუსეთი ყოველთვის იყენებს პოლიტიკური ზეწოლის ამოცანებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ქართულ ბაზარზე უკვე მოქმედებს ლუკოილი, უკვე მოქმედებს „გალფი“, როსნეფტის მიერ „ვისოლის“ ყიდვა შექმნის რუსულ მონოპოლიას ქართულ საწვავის ბაზარზე, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ, აქ არ ვსაუბრობთ ინვესტიციაზე, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთს ეძლევა მონოპოლია ქართულ ბაზარზე და რუსული მონოპოლია ვიცით, რომ ყოველთვის არის ხიფათის შემცველი. გარდა ამისა, როსნეფტი არის კომპანია, რომელიც ღიად ოპერირებს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც ღიად არღვევს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ასეთ კომპანიებს არ ჰქონდეთ საქართველოში ოპერირების და შესყიდვების გაკეთების შესაძლებლობა,“ – განაცხადა ბაქრაძემ.