საქართველოს მიმართ უარყოფითად რუსების მხოლოდ 8 პროცენტია განწყობილი.ახალი კვლევა

რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ანუ 48% საქართველოს მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი, 37% დადებითად. 7%–ს უჭირს პასუხი, 8% კი საქართველოს მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.
ეს მონაცემები რუსული ფონდის, “საზოგადოებრივი აზრის“ მიერ 6–7 ივლისის პერიოდში რუსეთის მაშტაბით 104 დასახლებულ პუნქტში 1500 ადამიანის გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი. კვლევა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას.
საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულების მიზეზად გამოკითხულებმა ჩამოთვალეს: “სტუმართმოყვარე და კარგი ხალხია“, “კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მიმართ“ , “მომწონს საქართველო, არ მაქს მიზეზი ცუდად ვიყო განწყობილი.“
უარყოფითად განწყობილი რესპოდენტები მიზეზად საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ ცუდ დამოკიდებულებას ასახელებენ ან კიდევ იმას, რომ უბრალოდ არ მოსწონთ ეს რესპუბლიკა.
რუსების 71 % თვლის, რომ კარგი ურთიერთობები რუსეთ–საქართველოს შორის ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 19% თვლის, რომ კარგი ურთიერთობები საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია. 3%–ის აზრით მოსკოვისთვის. 8%–ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
5% თვლის, რომ 5–10 წლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკეთესი იქნება. საპირისპიროში დარწმუნებულია რუსების 7%. პასუხი უჭირს 36%–ს.
გამოკითხვის მონაწილეებს შეკითხვები დაუსვეს ტურიზმთან დაკავშირებითაც.
კითხვაზე: “ყოფილხართ თუ არა ოდესმე საქართველოში და თუ არ ყოფილხართ ისურვებდით თუ არა იქ ოდესმე ჩასვლას?“
15% პასუხობს, რომ ნამყოფია. 41% ამბობს, რომ ისურვებდა საქართველოში წასვლას. 42 %–ს სურვილი არ აქვს. 2%–ს პასუხი უჭირს.
გამოკითხვის მონაწილეებს დაუსვეს კითხვა :“როგორ ფიქრობთ, ქართველების უმრავლესობას რუსი ტურისტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს თუ უარყოფითი?“
პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა უმრავლესობა, ანუ 60% თვლის, რომ ქართველებს რუსი ტურისტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. 14% თვლის, რომ უარყოფითი. 26%–ს უჭირს პასუხი.