საქართველოს მოქალაქეები ბარსელონადან თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი არეულობა ბარსელონაში  საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა.

ხუთი დღეა ბარსელონაში საპროტესტო აქციები და არეულობაა. ქუჩებში ასობით ათასი ადამიანია გამოსული. ისინი ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 ლიდერისთვის ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული. მრავალათასიანმა დემონსტრაციებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში ესპანეთის ამ ავტონომიის დედაქალაქის სრული პარალიზება გამოიწვია. საპროტესტო აქციების დროს მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. 

საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გამო საქართველოს მოქალაქეები  უკვე მეორე დღეა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებიან და თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ, მიუხედავად იმისა რომ ფრენები სრულად არ გაუქმებულა და სხვადასხვა მიმართულებით მაინც სრულდება. ბარსელონა–თბილისის რეისი, რომელსაც აირზენა ასრულებს, გაურკვეველი ვადით გადაიდო. აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ  ინფორმაცია არ აქვთ როდის შესრულდება ფრენა და როდემდე მოუწევთ ბარსელონას აეროპორტში ყოფნა, რადგან ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ვერ უკავშირდებიან.