საქართველოს მოქალაქეები რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს.
ჯორჯიან ეარვეისის ერთი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. მეორე თვითმფრინავი რამდენიმე წუთში დაჯდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე რეისით ჯამში საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდება.
მგზავრები აეროპორტში თერმო სკრინინგს გაივლიან, შემდეგ კი სპეციალური ტრანსპორტით საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდებიან.
,,მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა სკრინინგი. ყველა მათგანი გაივლის 2-კვირიან კარანტინს. თუ რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება სიმპტომი, გადაიყვანენ ინფექციური პროფილის საავადმყოფოში”,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოყვანა ფინანსურად საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები 6 მარტს შეჩერდა. პირდაპირი ფრენები ასევე შეწყვეტილია ჩინეთთან და ირანთან.