“საქართველოს მოქალაქეები მოსალოდნელი დაკავებების შესახებ ინფორმირებული იყვნენ”-საგარეო საქმეთა სამინისტრო

“ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისი წესით გაივლიან ყველა იმ სასამართლო პროცედურას, რაც ესპანეთის შიდა კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმი დაარღვიეს, საერთაშორისო სტანდარტებით ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ სასამართლოში ან გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი იქ მყოფი ქართველების ორ კატეგორიას გამოყოფს. პირველ კატეგორიაში შედიან პირები, რომლებსაც დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი.

“იქ არის ძირითადად ორი კატეგორია. ერთი, ვისაც ბრალი ედება კონკრეტულ დანაშაულებში, მათ შორის ორგანიზებული ხასიათის, ხოლო მეორე კატეგორია არის ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ კანონმდებლობას არღვევენ, დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი და შესაბამისად, უკანონოდ იმყოფებიან ესპანეთის ტერიტორიაზე.აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდება გამოძიება და დარწუნებული ვართ, რომ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი,” – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით,  საქართველოს მოქალაქეები ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ სპეცოპერაციის დაწყებამდე.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩართული არის და ინფორმირებულია ყველა დეტალზე. ჩვენი კონსული სპეცოპერაციის დაწყებამდეც არაერთხელ იყო აღნიშნულ მოქალაქეებთან სხვადასხვა ლოკაციაზე. აუხსნა მათ არსებული ვითარება, კონსულტაციები გაირა მოქალაქეებთან ანუ არაინფორმირებულობასთან საქმე არ გვაქვს. საწუხაროდ, იქ არიან ადამიანები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ თან, თუმცა საკონსულოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ადამიანები გაფრთხილებული ყოფილიყვნენ სავიზო რეჟიმის დარღვევის შესაძლო შედეგებზე”, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი დაკავებები უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის.

“ჩვენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან ერთად მივიღეთ ისტორიული პრივილეგია და ამ პრივილეგიას თან მოჰყვება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ბუნებრივია, ყოველი ასეთი ფაქტი პროცესზე დადებითად არ აისახება”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე.