საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ქაღალდის პირადობის მოწმობა აქვთ, აიდი ბარათსა და პასპორტს უფასოდ მიიღებენ

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში  საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა  პირადობის ელექტრონული მოწმობა, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით და უფასოდ შეცვალონ ძველი, უვადო დოკუმენტი ელექტრონული პირადობის მოწმობით.

მოქალაქეები ასევე უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,   ქაღალდის ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობას 400 ათასამდე მოქალაქე ფლობს.

„აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

„2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს“, – აღნიშნავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ცნობით, საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.