საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში მუშაობას.
“საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება.” – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე მოახდინა საქართველოს და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია. მას საფრანგეთის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში).
ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები. შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა ჯამში.