შვედური მედიის ინფორმაციით 49 წლის რუს მამაკაცს სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის .
ხაპარანდის რაიონულმა სასამართლომ ორშაბათს ანდრეი მანკო დამნაშავედ ცნო 39 წლის ქართველის მკვლელობაში, რომელთან ერთად შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კალიქსში, თავშესაფარში ერთ ოთახში ცხოვრობდა. გარდა ამისა სასამართლომ დაადგინა რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მისი დეპორტაცია უნდა მოხდეს. მკვლელობა მიგრანტთა თავშესაფარში მოხდა. მკვლელობის შემდეგ მკვლელმა მოკლულის სხეული დაანაწევრა და მდინარეში გადააგდო.
სასამართლოს განცხადებით ეჭვგარეშეა, რომ მანკომ მოკლა ადამიანი,სხეული ოთახშივე დაჭრა, შემდეგ კი მდინარეში გადააგდო.
პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 24 ოქტომბერს ძაღლმა მდინარე კალიქსში შემთხვევით იპოვნა გარდაცვლილის ხელი, ფეხი და თავი. მისი ტორსი კი ქალაქის ნარჩენების უტილიზაციის ცენტრში იპოვნეს. მისი გენიტალიები ჯერ არ უპოვნიათ, თუმცა ჯერ არ არის დამტკიცებული, რომ ის სხეულიდან განზრახ იყო მოკვეთილი.
მანკო, რომელიც შვედეთში რუსეთიდან ჩავიდა და იქ თავშესაფარს ითხოვდა, 24 ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს. მან აღიარა, რომ ოთახის მეზობელი მოკლა, თუმცა ამტკიცებდა, რომ ეს არა მკვლელობა, არამედ თავდაცვა იყო, რადგან 39 წლის მამაკაცი მას დანით ხელში თავს დაესხა.
ადგილობრივი მედიის ცნობით სასამართლოს მსვლელობისას გაირკვა, რომ მანკო მოკლულს პირველად სტოკჰოლმში შეხვდა. ქართველი შვედეთში შესაბამისი ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მალკომ ის კალიქსში დაპატიჟა და რამდენიმე დღის მანძილზე მის ოთახში დარჩენა შესთავაზა.
ანდრეი მანკო
სასამართლოში მკვლელი ამტკიცებდა, რომ რამდენჯერმე დაუკავშირდა პოლიციას, რათა შეეტყობინებინა, რომ მის ოთახში ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც შვედეთში ცხოვრების კანონიერი უფლება არ ქონდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მანკოს მართლაც ეშინოდა მისი მსხვერპლის, რასაც მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს, თუმცა ამავე დროს დაადგინა, რომ მოვლენების მისეული ვერსია არც გარდაცვლილისთვის მიყენებულ ტრავმებს და არც მკვლელობის ადგილზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს არ შეესაბამებოდა.
ოთახი, სადაც მკვლელობა მოხდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ადამიანის მტკიცებები, რომ მას თავს დაესხნენ არ შეიძლება იყოს სიმართლე. მან მინიმუმ ორჯერ ჩაარტყა თვაში გარდაცვლილს განზრახ და კარგად იცოდა, რომ ამ დარტყმებს ფატალური შედეგი მოჰყვებოდა – განმარტა სასამართლოს თავმჯდომარემ, აგნეტა კარლსონმა თავის გადაწყვეტილებაში.
შვედეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში როგორც შვედურ, ისე ქართულ მედიაში გამოჩნდა. მაშინ მოკლულის ვინაობა არ დასახელებულა. ქართველი სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ გამოძიებაში ჩაერთნენ. მოკლულის ვინაობა დღემდე უცნობი რჩება. მის სახელს და გვარს არც შვედური მედია ასახელებს.