“ქართულ ოცნებასთან” ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ, ისევე როგორც – არჩეულ პირებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ამას ყოველთვის ვაკეთებდით. საქართველოში ყოველთვის გვქონდა გულახდილი ბროკერის როლი, უწყების როლი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ამით ძალიან ვამაყობთ, – ამის შესახებ IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ გასულ კვირას, როცა საქართველოში აი-არ-აი, ენ-დი -აი და სხვა პრო-დემოკრატიული ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, აი-არ-აი “ქართული ოცნების” ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგს ატარებდა. აი, ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა თავს გვესხმოდნენ“, – აცხადებს ტვაინინგი.
კითხვაზე, ხედავს თუ არა გლობალურ ტენდენციებს ამერიკული არასამთავრობო, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ტვაინინგი დადებითად პასუხობს.
„კი, ვხედავთ. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული, იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან… მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება“, – აცხადებს ტვაინინგი,
მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
„რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერსებული იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში აი-არ-აი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. ამერიკის საელჩო ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ჩვენს მიმართ და ამასთან, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ საქმიანობაზე, რომელიც დღემდე გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერ და დემოკრატიულ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო“, – აცხადებს ტვაინინგი.
კითხვაზე, ელოდება თუ არა საქართველოს მთავრობისგან რაიმე სახის მკაცრ რეაქციას ან სანქციას, ტვაინინგი პასუხობს, რომ არ ელოდება.
„არა. საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა აი-არ-აი, ენ-დი-აი, ნედი და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონ-კონგში ოფისიც არ გვაქვს. ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს“, – აცხადებს ტვაინინგი.
მისი განცხადებით, ამერიკაში საქართველოს შესახებ ნარატივი ისაა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
„ ქართველები, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც საბჭოთა იმპერიის დაშლაში შეიტანა წვლილი. ამის შემდეგ, მათ ქვეყანა შექმნეს უკიდურესად რთულ პირობებში. 2003 წელს მოახდინეს მშვიდობიანი რევოლუცია მმართველობის შესაცვლელად, მოგვიანებით არჩევნების გზით, ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარეს ერთი ძალიდან მეორეს. დაამყარეს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ამერიკელებს სჯერათ იმის, რომ ეს არის საქართველოს ტრაექტორია. სანერვიულო იქნება ის, თუ ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ჯანსაღ დემოკრატიად მივიჩნევთ, მოვისმენთ ისეთ შეხედულებებს, დეზინფორმაციას, როგორც ეს ხშირად გვესმის კრემლისგან. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შეიძლება ამერიკა ცდებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვცდებოდით. საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს და აი-არ-აი ამაყად იქნება საქართველოს მეგზური ამ გზაზე“, – აცხადებს ტვაინინგი.