საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტის მიღებას დღესაც ეცდება

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უყრის კენჭს. მისი განხილვა 12 დეკემბერს გაიმართა, თუმცა, კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.

სახელმწიფო ბიუჯეტის მისაღებად სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, რეგისტრაცია კი მხოლოდ 67-მა გაიარა.

“კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა”, ამ სიტყვებით დაასრულა 12 დეკემბრის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანამდე კი პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ჩაერთო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც ნიკა მელია დარბაზს გარეთ გაიხმო და “თავ-ყბის დალეწვით” დაემუქრა. მისი ეს მუქარა ნიკა მელიას განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობას მოძალადეები და კრიმინალები უწოდა, მმართველი გუნდი კი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.  

დღევანდელი პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული.