საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს. ამის შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა და მასთან ამ მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრა თბილისში, აშშ-ს საელჩოში შედგა. მარიამ ქვრივიშვილმა და როს უილსონმა ტურიზმის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად განათლების სფეროში თანამშრომლობის თემებზე ისაუბრეს.
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს მადლობა გადაუხადა, იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ წლების განმავლობაში საქართველოს ტურიზმის მიმართულებით გაუწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ორგანიზაციებთან, მათ შორის USAID-ის პროგრამა ზრდასთან. ამერიკული მხარე საქართველოს აქტიურად ეხმარება რეგიონებში ტურისტული პროექტების განვითარებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში.