რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ დეგტიაროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებმა თავისუფლად შეიძლება ჩაანაცვლოს საქართველო.
სპეციალურ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში დასასვენებლად 2 მილიონი ტურისტი წავიდა და მათ მთლიანობაში 3,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც ქვეყნის მშპ-ს 10%-ს შეადგენს.
დეგტიაროვმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად სამართლიანად მიიჩნევს საქართველოსთან რეგულარული რეისების შეწყვეტას, რადგან „ტურისტების უსაფრთხოება ამ ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი“.
“რა შეიძლება რუს ტურისტებს შევთავაზოთ სანაცვლოდ? ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები მშვენიერი, თანამედროვე და იაფია. გვაქვს რეგულარული პირდაპირი ფრენები მახაჩყალასა და გროზნიში, ვლადიკავკაზში, ნალჩიკში და მინვოდში. გამარჯობა ჩრდილოეთ კავკასია, ყველა გველოდება, ყველა მუშაობს. იქ ყველა რუსულად ლაპარაკობს და რუსულ რუბლს იყენებენ. არის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები და საქართველოში კი არაფერი გესაქმებათ”, – განაცხადა დეგტიაროვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. ეს ყველაფერი კი “გავრილოვის ღამეს” მოჰყვა.
მისმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა საზოგადოება გააღიზიანა, შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა]