საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები,- ასე გამოეხმაურა გუშინ განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი. კახა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ რაც მოხდა ძალიან სამწუხარო იყო.
„ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ძალიან სამწუხაროა. საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული,” – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა განცხადება ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ოპოზიცია ამბობდა, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. კალაძის თქმით, ოპოზიცია და ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე, „ერთმანეთს აცოცხლებენ“.