ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ორმხრივი პნევმონია აქვს.
ის მეოთხე მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა. ეზუგბაია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება.
,,პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ჯერჯერობით არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მას მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება ჯერჯერობით გრძელდება. რენდგონოლოიგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებული იქნა, როგორც მაინც ფილტვის ანთება და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა და დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერჯერობით, კლინიკო-ლაბოტაროტიული მონაცემებით მასთან არის ცვლილებები, მაგრამ მათი კორეგირება ამ ეტაპზე შესაძლებელია და ჩვეულებრივ მას მკურნალობა უგრძელდება”,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა სხვა პაციენტის მდგომარეობა მსუბუქად მიმდინარეობს და არ რთულდება.
,,დანარჩენი ყველა პაცინეტის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი 37-დან 37.4-მდე, ზოგთან იშვიათი ხველა გვაქვს, ზოგთან სხვა გამოვლინება და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით ყველასთან შეინიშნება ერთ-ორი ნიშანი ცვლილების რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურად არ ღრმავდება და არ უარესდება. ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 პაციენტი,”- ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისივე ინფორმაციით, დღეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 9 პაციენტს კორონავირუსის არსებობაზე ტესტირება ჩაუტარდება. ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 39 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 12-ს ვირუსის არსებობა დადასტურებული აქვს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 69.