საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია-სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

ამერიკის კიდევ ერთი გაფრთხილება და წითელი ბარათი ქართულ ოცნებას – სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების შემდეგ ქართულ ოცნებას სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე აკრიტიკებს. ჯიმ რიში ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ის შეშფოთებულია მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტების დევნით, ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროების სხვა ფორმებით. სენატორი ამბობს, რომ ბოლო თვეების მოვლენები, საქართველოს, დემოკრატიული თვალსაზრისით უკან ხევს. ის დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და შეასრულოს პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.

“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ – მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი – აცხადებს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში.