მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” დაიწყო. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიხსნა.
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ჩატარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება.
წვრთნებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული.
წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს.
ასევე, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის. ამას გარდა, სწავლების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.