საქართველოში მკაფიოდ მყარდება პუტინის საოკუპაციო რეპრესიული დიქტატურა – შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დევნას რუსულ გავლენებს უკავშირებს და გამოსავალს ქუჩის მასშტაბურ პროტესტში ხედავს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, გადამწყვეტ ბრძოლაში ყველა ოპოზიციური პარტია ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს და ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად აქტიური მუშაობა დაიწყოს.
„პირდაპირ მოსკოვი ადგენს სიებს იმ პოლიტიკური ლიდერებისა, ვინც უნდა დაექვემდებაროს დევნას. ციხეები გადავსებულია პოლიტიკური პატიმრებით. ამასობაში, ჩამოიშალა ეროვნული ვალუტა, საფინანსო სისტემა, ეკონომიკა, გრძელდება საზოგადოების დაპირისპირება და ქართული ტერიტორიების ყველა მხრივ დაუსჯელად გაცემა. გადამწვეტია, რომ ოპოზიციური სპექტრი იყოს ერთსულოვანი იმ მიზნის შესრულებაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული დეოლიგარქიზაცია, დეპუტინიზაცია და დეოკუპაცია,“- განაცხადა ნათელაშვილმა.