“საქართველოში ონლაინ დეზინფორმაცია და “ტროლინგი” განსაკუთრებული პრობლემაა“–Freedom House

„მთავრობები მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტად იყენებენ სოციალურ მედიას იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყნებში არჩევნებზე გავლენა მოახდინონ და საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალონ“, – ვკითხულობთ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ „ფრიდომ ჰაუზის“ ახალ, ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება უკვე მეცხრე წელია უწყვეტად იკლებს. შეფასებული 65 ქვეყნიდან 47-ში პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური გამოხატვის გამო ადამიანებს აკავებდნენ.

საქართველო ევრაზიის რეგიონში, სომხეთთან ერთად 75 ქულით ერთ-ერთი ლიდერია და თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია. ნახევრად თავისუფალი ქვეყნებია ყირგიზეთი და უკრაინა. არათავისუფალ ქვეყნებადაა კლასიფიცირებული: აზერბაიჯანი, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი.

საქართველოს ნაწილში მკვლევარებმა ცენზურისა და რეგულაციების სიმცირესთან და სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობებთან ერთად, იმ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რამლებიც გასული წლების კვლევისას ამ მასშტაბით არ წარმოჩენილა. მაგალითად დეზინფორმაციისა გავრცელება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით და „ტროლინგი“, როგორც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მექანიზმი. ანგარიში ამტკიცებს, რომ ამ მეთოდს პრო-სამთავრობო ჯგუფებთან ერთად, ზოგ შემთხვევაში ოპოზიციის მხარდამჭერი და მის მიმართ კეთილგანწყობილი ჯგუფებიც იყენებენ.

ანგარიშის საკვლევი პერიოდი 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გამონაკლისის სახით აღინიშნა 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენებიც.

„ტროლინგი, კონკრეტულად კი მთავრობასთან დაკავშირებული ბოტებისა და მომხმარებლების მიერ, გააქტიურდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ივნისის პროტესტისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას იყო. გარდა ამისა, რამდენიმე მაღალი რანგის/ცნობილი შემთხვევები ონლაინ შეურაცხყოფისა და შევიწროებისა, კვლავ აუარესებს ინტერნეტ ლანდშაფტს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

წყარო: ამერიკის ხმა