„ტურიზმის კალენდარული წელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა დღეს ჩვენ შევაჯერეთ 2019 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით ის შედეგები, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში დადგა. საქართველოში ისტორიული მაჩვენებელი, რეკორდული რიცხვი 9 300 000 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
„ჩვენ დამსწრე საზოგადოებას, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უწყებებს წარვუდგინეთ ყველა ის განხორციელებული პროექტი, ის უკუგება მარკეტინგული კამპანიებიდან, რომლებსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებდა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და ფაქტობრივად ყველა იმ მიმართულებიდან, რომელთა შესახებაც წლის დასაწყისში ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ,თუ რას გააკეთებდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.“-აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2019 წელს, პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.
რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში.
2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ტოპ-15
ევროკავშირის ქვეყნები
2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482,418 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +25.7%-ია.
განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა: პოლონეთი +31.7% იტალია +22.4% გერმანია +38.2% საფრანგეთი +28.3% გაერთიანებული სამეფო +27.4%
2019 წელს შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან 450,590,224 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდა 2018 წელთან შედარებით +19,5%-ია.
მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას ახალი პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, პრეს და გაცნობითი ტურები და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან საერთაშორისო პლათფორმებზე განხორციელებული ახალი კამპანიის შედეგები გააცნო. 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, შედეგად 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით 2019 წელს 300-მდე მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.
Wizz Air-ის, Qatar Airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა.
საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდა National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და Conde Nast Traveler-ზე.
მასშტაბური კამპანია ჩატარდა CNN-ზე, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა. ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიები ჩატარდა 8 მიზნობრივ ქვეყნებში: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. აღსანიშნავია, რომ კამპანიების დაწყებისთანავე მაღალი იყო ქვეყნის მიმართ ინტერესი, რაც აისახა სტატისტიკურ მაჩვენებელში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობაზე მეტყველებს დათვლილი (ROI) უკუგება ერთ ინვესტირებულ ლარზე, რაც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 61 ლარიდან 579 ლარამდე.
მარიამ ქვრივიშვილმა მიმოიხილა საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს აქტივობები საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის, ისაუბრა, როგორც საერთაშორისო, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად შემუშავებული და განხორციელებული პროექტების შესახებ.