“დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის” წარმომადგენელი, გეოლოგი ლაშა სუხიშვილი მდინარეზე ჰესის მშენებლობას ეხმაურება.
“მდინარეზე ჰესის აშენება იქნება, ხიდის გადება თუ კალაპოტში სასტუმროს ჩადგმა, მნიშვნელოვანია წინასწარ იყოს შესწავლილი მდინარის წარსული პარამეტრები, დღევანდელი სიტუაცია და ამ ორზე დაყრდნობით მომავლის პროგნოზი – ანუ გამომდინარე მდინარის უკვე დაფიქსირებული ქცევებიდან იმის განსაზღვრა თუ აწი როგორ მოიქცევა. თუმცა არსებობს პირდაპირი კავშირი კლიმატის დათბობასა და ატმოსფერულ ნალექებს შორის – რაც უფრო თბება ჰაერი, იზრდება აორთქლება და შრება ნიადაგი, შესაბამისად იზრდება გვალვის ხანგრძლივობა და ინტენსივობა. სამაგიეროდ, ჰაერის 1 გრადუსით გათბობა 7%-ით ზრდის მასში წყლის ორთქლის ტევადობას, რაც იწვევს თავსხმა წვიმებს და შტორმებს.
არაფერია მუდმივი და ყოველდღიურად ცხადად ვხედავთ რომ კლიმატი იცვლება, ამას გრძნობს გრენლანდიაც, ჩრდილოეთ ამერიკაც, ქართველი გლეხიც და თბილისის მცხოვრებიც. ანუ გამოდის, რომ თუ დღეს მდინარეს უხვი წყალი აქვს და ჰესის ჩადგმა ღირს, ხვალ შეიძლება ის მდინარე დაშრეს, ან ჰესი წალეკოს წყალმა. იმისთვის რომ ასე არ ვიმარჩიელოთ, არსებობს გლობალური კლიმატის ცვლილების მოდელები, მაგალითად RCP რომელიც ნახევარი გრადუსის რეზოლუციით დაყვანილია რეგიონულ მასშტაბებამდე. ამ მოდელში გათვალისწინებულია სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, მიწათსარგებლობის და მიწის საფარის მონაცემები, ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების საპროგნოზო კონცენტრაციები, და არსებული კლიმატური მონაცემები.ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისში გაეროს მიერ მხარდაჭერილი ლეღვთახევის ჰიდროლოგიური საფრთხეების კვლევა, სადაც გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი კოლეგებიც. ამ კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა კლიმატის ცვლილების მოდელირებამაც იგივე დასკვნა დადო:ამ საუკუნის განმავლობაში საქართველოში შემცირდება საშუალო წლიური ნალექები (სამივე RCP 2.6, 4.5, 8.5 სცენარის პირობებში), თუმცა წვიმის დღიური ინტენსივობა გაიზრდება, ანუ საქართველოში სულ უფრო ხშირად იქნება თავსხმა წვიმები, თუმცა გაიზრდება გვალვიანობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა.
ეს მდინარისთვის ნიშნავს იმას, რომ წლის უმეტეს დროს ნაკლები წყალი გაივლის, თუმცა გახშირდება მასში ექსტრემალური წყალდიდობა/წყალმოვარდნები. ანუ სტიქიური უბედურებების მიღმა, ჰესიც ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს. პროგნოზი იმისაა, რომ 100%-იანი გამართლება არ ხდება, თუმცა ყველა პროფესიონალი ჰიდროლოგი ვისაც მაგალითად მდინარე ვერეზე უმუშავია, ადასტურებს რომ ამ მდინარეზე ბოლო 20-30 წელია გაზრდილია ექსტრემალური მოვლენების სიხშირე. ვერე თბილისშია, ბევრს აწუხებს და ამიტომ პულსზე გვიდევს ხელი, თუმცა სხვა უამრავი მაგალითიც მოიძებნება.მყინვარების დნობა, რომელიც ზოგიერთ მდინარეზე დროებით წყლის ხარჯის მატებას იწვევს კიდევ ცალკე საკითხია”