საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი – სერგეი ლავროვი

საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი- ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა  “კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიხვდა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის დროს. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ  ჩაშალეს ეს ღონისძიება და ამის შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააჩაღა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა რუს დეპუტატ გავრილოვს სხდომის გაგრძელების უფლება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ მისცეს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა შეწყდა.