თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქციის 6 მონაწილის სასამართლო სხდომა გადაიდო.
“სასამართლოს გადადება მოვითხოვეთ და მოსამართლემ დაგვიკმაყოფილა. საქმის მასალებს უნდა გავეცნოთ, მაგრამ რაც უკვე ვიცით ისაა რომ მათში ვიდეო მტკიცებულებები არ დევს. რაც მაღალი ალბათობით ნიშნავს – ისინი არც არსებობს და პოლიციელთა წინასწარდალაგებული ჩვენებითი აპირებენ ფონს გასვლას.”-აცხადებს საიას იურისტი და აქციის დროს დაკავებული ვახუშტი მენაბდე.
ვახუშტი მენაბდე დღეს სწორედ იმ ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვდა, რომელიც მისი თქმით, აქტივისტების უდანაშაულობას დაამტკიცებს.
აქციის მონაწილეები, პირველ აპრილს მაშინ დააკავეს, როცა ისინი მშენებლობის დროს დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდნენ.
პოლიცია მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და სამართალდამცველებს მისი გინების დამადასტურებელი მასალის წარდგენას სწორედ ამიტომ სთხოვს.
პროცესი 19 აპრილს 11:00 საათზე განახლდება.