საქსტატის მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების წარდგენისას განაცხადა.
“წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5%, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის ზრდამ 4,9% შეადგინა“-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისი თქმით, ივნისში კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში. ზრდა კი თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა, მათ შორის, ზრდა დაფიქსირდა მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.
თოდრაძემ განაცხადა, რომ პირველ 6 თვეში საქონლის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა. “იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა და 1 775.4 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 4.9%-ით შემცირდა და თითქმის 4 192.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – განმარტა თოდრაძემ.