ზაზა სარალიძე გენპროკურორთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ თადუმაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან

ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობა დატოვა. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, რომ შალვა თადუმაძეს დაბალი რგოლები არასრულ ინფორმაციას აწვიდან.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მთავარი შეხვედრა სამშაბათს გაიმართება, როდესაც საქმის პროკურორებს პირადად დაუსვამს შეკითხვები.

“დამრჩა განცდა, რომ საქმის პროკურორები მთავარ პროკურორს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ, შევთანხმდით, რომ მთავარი შეხვედრა გაიმართება სამშაბათს – რა პრეტენზიებიც წავუყენე, ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი”,ამბობს ზაზა სარალიძე. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, გენერალურ პროკურატურაში შალვა თადუმაძესთან შესახვედრად რამდენიმესაათიანი მცდელობისა და დაპირისპირების შემდეგ მაინც შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო განცხადების თანახმად, თითქოს პროკურატურა დათმობაზე წასვლას არ აპირებდა.

მანამდე კი პროკურატურის ეზოდან ზაზა სარალიძის გაყვანას რამდენიმე სამართალდაცველი ძალის გამოყენებით ცდილობდა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძის პროკურატურაში შესვლას “თვითნებურად შეჭრად” აფასებს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან “აგრესიულ, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელ საქციელს” აქვს ადგილი.

ზაზა სარალიძეს მოთხოვნას საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს.

“საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შასაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს, საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს”, წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.