სარალიძე: შსს-ში დგას კალანდიას პასუხისმგებლობის საკითხიც

{{ARTICLEIMAGE}}
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის ვლადიმერ ბოცვაძის შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა სარალიძემ თქვა, რომ ადვოკატთან ერთად ნაწილობრივ გაეცნო საქმის მასალებს. საქმის მოცულობიდან გამომდინარე მასალების სრულად გაცნობა ვერ მოესწრო. თუმცა, მის თქმით, ჩანს რომ ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.

“ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. ჩატარებულია რიგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით ამ მასალებს ბოლომდე ვერ გავეცანით, საქმის ბოლომდე გაცნობის შემდგომ თუკი მექნება დამატებითი კითხვები, აუცილებლად მივმართავ შს სამინისტროს, ამის შემდეგ კი – გენერალურ პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტროში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, კალანდიასი. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში თავიდანვე იყო, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს უწყება. მე კონკრეტულ პირებზე კითხვები არ დამისვამს, ვინაიდან ჯერ ბოლომდე არ გავცნობივარ მასალებს”, -უთხრა ჟურნალისტებსზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, მნიშვნელოვანია საქმის სრულყოფილად შესწავლა, რისი მზაობაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არის.ნესტან ლონდარიძე იმედოვნებს, რომ უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სრულყოფილად გამოიძიებს.