სასაცილოა ბურჯანაძე საქართველოდან მთავარ მომლაპარაკებლად წარმოაჩინო–მაქსიმ შევჩენკო

რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა და ტელეწამყვანმა მაქსიმ შევჩენკომ ტელეარხ RTVI –ს გადაცემაში “განსაკუთრებული აზრი“ ბევრი ისაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პერსონები, რომლებსაც რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის მოკავშირეებად ირჩევს სინამდვილეში ამ ქვეყნებში ბევრს არაფერს წარმოადგენენ.
“ჩემი საყვარელი თემა კავკასია, საქართველოა. ახლა ბურჯანაძე გამოჩნდა რუსულ არხებზე.
უცნაური და სასაცილოა ქალბატონი ბურჯანაძე რუსული ინტერესების ლობისტად წარმოაჩინო. ბურჯანაძე იყო ის ადამიანი, ვინც რუსული ოკუპაციის მუზეუმს ხსნიდა, ბურჯანაძე სააკაშვილის ერთგული მოკავშირე იყო, ბურჯანაძემ ხმა მისცა ამერიკული იარაღის საქარველოს ტერიტორიაზე შეტანას, ნატოსთან კოოპერაციას. მისი განცხადებები უცნაურია. ვინც რუსეთში ისეთი საკვანძო ქვეყნის მიმართ პოლიტიკის ფორმირებას ახდენს, როგორიც არის საქართველო, და ეს არის მართლაც საკვანძო, მთავარი ქვეყანა, მე მეჩვენება რომ ისინი საკუთარ ინტერესებს წყვეტენ ქვეყნის შიგნით.
წამყვანი დაინტერესდა, ბურჯანაძის რომელ განცხადებას გულისხმობდა მაქსიმ შევჩენკო, რაზეც პოლიტოლოგმა უპასუხა:
“თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს უნდა დაუახლოვდეს და ა. შ. ყველაფრის ფონზე , აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფონზე ეს ხომ შეუძლებელია. აქ ალბათ ეს კარგად ჟღერს. ტელეარხ “რასიაზე“ ან “პირველ არხზე“. აქ ყველა მზად არის ტაში დაუკრას. – აი, ჩვენი ადამიანი საქართველოში. და როგორ აღიქვამენ ამას საქართველოში? სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ არ იყოს, და საკითხი ღიად იყოს ჩამოკიდებული, კითხვაც არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ადამიანს, რომელიც ასეთ რამეს აცხადებს საქართველოში არანაირი ფასი არ აქვს. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთში შიდა მოხმარებისთვის, პიარისთვის კეთდება. მე მასთან – ბურჯანაძესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მე პრეტენზიები იმასთან მაქვს ვინც ამას ყიდის აქ, რუსეთის შიგნით, როგორც თითქოსდა საქართველოს პოზიციას, რომელთანაც დიალოგის წარმოება შეიძლება.
ეს არის საკითხი, რომელიც ზოგადად რუსეთის საგარეო პოლიტიკას ეხება ის ძირითადად შიდა პიარზე და შიგნით, სხვადასხვა ჯგუფების კარიერულ ამოცანებზეა აწყობილი და არა იმ სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც რუსეთს სჭირდება, როგორც ისტორიულ გეოპოლიტიკურ სუბიექტს.საქართველოში ეროვნულად ორიენტირებულ ქართულ ძალებთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი. მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ არა დასავლეთის აგენტებთან, რომლებიც ახლა თავს რუსეთის აგენტებად და პარტნიორებად ასაღებენ, არამედ იმ ქართველებთან, რომლებიც მაგალითად პატრიარქის გარშემო არიან დაჯგუფებული, რომელიც ერთადერთი ქართველია, თავიდან ფეხამდე, ქართველების მამა, რომელმაც ქართველი ხალხი უმძიმეს დროს გადაარჩინა. უკვე ხანდაზმულია უწმინდესი ილია, ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა,
შეუძლებელია მუდმივად პოლიტიკურ სიმულატორებს ქმნიდე და ეს ხდება ყველა მიმართულებით, დსთ–ს მაშტაბით ყველა მიმართულებით. ყველა ხალხთან მიმართებაში. ცდილობენ არა რეალურად ელაპარაკონ რეალურ ხალხს – ბელორუსებს, ყაზახებს, სომხებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, არამედ თვითონ თავისთვის იგონებენ იმათ, ვინც აქ მოსკოვში მოეწონებათ და მათ წარმოადგენენ მთავარ მომლაპარაკებლად. “ – განაცხადა მაქსიმ შევჩენკომ.