პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, რადგან ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ალექსი გაბუნია ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე 26 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მასთან ქალი მიიჭრა და სახის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.