საკონსტიტუციო სასამართლომ ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაფარული სახით გაცემა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. აქამდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში სასამართლოები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პერსონალური ინფორმაცია პირდაპირ ხელმისაწვდომი არ იყო.
სასამართლომ „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სასარჩელო მოთხოვნა გაიზიარა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.
“სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს,” – მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლო.