თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ პანკისში სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა. აიზა არგოშვილმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტებთან ერთად საგამოძებო უწყების მიმართ სამართლებრივი ბრძოლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათი თქმით, სპეცრაზმელის მიერ მოკლული თემირლანის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედ-მამა მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. თუმცა როგორც მოსამართლემ განმარტა, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. მშობლები და მათი ადვოკატები კი მიიჩნევდნენ, რომ სუს-მა ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირის შესახებ გაკეთებული განცხადებით დაარღვია მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.
სასამართლო პროცესს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები არ დასწრებიან. მოგვიანებით კი მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა დანებებას არ აპირებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.
ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ამბობს, რომ სასამართლომ ფრაგმენტულად შეფასა სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებები და მთლიანი კონტექსტის შეფასება არ მომხდარა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. გერმანე გვარამიამ დღეს ჟურნალისტების კითხვებს ვრცლად არ უპასუხა და თქვა მხოლოდ ის, რომ მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
დღესვე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქცია გამართა და პარლამენტში მისი შვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ამ მოთხოვნით შვილმოკლულმა მამამ 2000 ხელმოწერა შეაგროვა, რომელსაც პარლამენტს ხვალ წარუდგენს.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკსის სპეცოპერაციის ფარგლებში საკუთარ სახლში 2018 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს-ის სიკვდილს 2 კვირის განმავლობაში ებრძოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და ამიტომ ესროლეს. ამ სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს. მათ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან – ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირსა და დახმარებას ედავებიან. მაჩალიკაშვილისთვის კი გამოძიებას არანაირი სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია.