სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით,სასამართლოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. 22 აგვისტოს, კენჭისყრაზე მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ 4 წევრი იმყოფებოდა. აქედან, ერთ-ერთმა წევრმა – (ნაციონალური მოძრაობის კვოტით) ბეჟან გობაძემ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 3 წევრის ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა – 2 ხმა გიორგი კოხრეიძეს, ხოლო ერთი ხმა თინათინ ცისკარაძეს ერგო.

მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რადგან 5 წევრისგან შემდგარი ბორდის უმრავლესობის ხმები, ანუ სამი ხმა არც ერთ კანდიდატს არ ჰქონდა, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.