თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დავის სასამართლო განხილვა შეწყვიტა. სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა.
დავას მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა. აღნიშნული საქმის განხილვის შეწყვეტას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარე ითხოვდა. ადვოკატი აცხადებდა, რომ სარჩელის განხილვის საფუძველი არ არსებობდა.
სხდომაზე უნდა გამოკითხულიყვნენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ დასახელებული ის ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გააჩნია.
უცნობია, რა მოტივით უთხრა სამმა მოსამართლემ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საჩივრის განხილვაზე უარი.
დავით ბაგრატიონის მოსამართლეების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არანაირი იურიდიული საფუძვლები არ არსებობდა.
„ჩვენ ამას ვიძახდით, რომ საქმე სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, არათუ უარი უთხრას. ჩვენი შუამდგომლობაც ამაში მდგომარეობდა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო დავის საგნის არარსებობის გამო. იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს იურიდიული ინტერესი,“ – აცხადებს დავით ბაგრატიონის ადვოკატი.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ ასევე დავით ბაგრატიონ მუხრანელის სასარგებლოდ დასრულდება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანა ბაგრატიონ გრუზინსკი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს.
ადვოკატი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საჩივარს „ჭიქაში ატეხილ ქარიშხლად“ მოიხსენიებს.
აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ სასამართლოს შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.










