სასამართლომ დავით ბაგრატიონს ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფა დაავალა

სასამართლო დავა მეფე-დედოფალს შორის, ქონების გაყოფით დასრულდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის სარჩელი, რომლითაც ის ყოფილ მეუღლესთან ქონების გაყოფას ითხოვდა.  სადავო სულ სამი მანქანა იყო, რომელიც დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონთან ქორწინების პერიოდში შეიძინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყველზე ძვირიანი ავტომობილი Porsche cayenne ორად გაყო. ამ მანქანის ნახევარი დღეიდან ანა ბაგრატიონის, მეორე ნახევარი კი დავით მუხრანელის საკუთრებაა. მანქანით რიგრიგობით ისარგებლებენ, ორად გაყოფენ თუ გაყიდიან და ფულს გაინაწილებენ, ეს ყოფილი ცოლ-ქმრის გადასაწყვეტია.

მეორე სადავო მანქანა Mercedes GL-ა. აღმოჩნდა, რომ ის მეფემ სასამართლო დავამდე გაყიდა, ამიტომ მოსამართლემ მას დააკისრა 15 ათასი ლარი ანა ბაგრატიონს გადაუხადოს. დავის შემდეგ მეფეს, ძვირადღირებული მანქანების კოლექციიდან მხოლოდ BMW X5 დარჩა.

ქონებრივი დავა ყოფილ მეუღლესთან, ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დაიწყო. ის სამივე ავტომობილის შუაზე გაყოფას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელია დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის. ის ყოფილი ცოლისთვის არაფრის მიცემას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

სამეფო ოჯახის სამართლებრივი დავა მხოლოდ ამ ერთი საქმით არ შემოიფარგლება. გრუზინსკები მოითხოვენ მუხრანელებს აეკრძალოთ სამეფო ოჯახის წარმომადგენლობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ძირითადი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ განიხილა, რაც მოსარჩელემ აპელაციაში გაასაჩივრა. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე მას შემდეგ რაც ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განაცხადა, რომ მასზე მეფე დავითმა იძალადა.