რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. კერძოდ, ელჩინ ალახვერდიევისთვის ბიძინა ივანიშვილის და მისი გინების გამო საკუთარი შარდის წასმის იძულებისთვის.
კითხვაზე, მოხდა თუ არა ფაქტის ამსახველი ვიდეოს განხილვა სასამართლოზე, აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ სასამართლო მსჯელობდა არა იმაზე, ნამდვილად აიძულეს თუ არა მოქალაქეს საკუთარი შარდით სახის დაბანა, არამედ იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ქმედებაში თემურ აბაზოვი.
,,აქ საქმე სხვა რამეა. კითხვაზე, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ თეიმურაზ აბაზოვი და სხვა პირები, რომელთა მიმართაც იქნა ბრალი წარდგენილი, იყვნენ უდანაშაულო. აქედან გამომდინარე, აქ საქმე ეხება არა იმას, ეს ნამდვილად განხორციელდა თუ არა, ვინმემ აიძულა თუ არა და ა.შ. არამედ იმას, რომ თემურ აბაზოვი ამ ქმედებაში არ მონაწილეობდა”,- ამბობს ადვოკატი.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.
სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.
2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს და ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.